კონკურენციის სააგენტო - 2020 წელს უმნიშვნელო სახელმწიფო დახმარების დიდი ნაწილი კულტურის, სპორტის და განათლების სფეროს მიმართულებით არის გაცემული
კონკურენციის სააგენტო - 2020 წელს უმნიშვნელო სახელმწიფო დახმარების დიდი ნაწილი კულტურის, სპორტის და განათლების სფეროს მიმართულებით არის გაცემული

2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ყოველწლიურად, კონკურენციის სააგენტოს – გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/აგენტების თაობაზე ინფორმაციას წარუდგენენ.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, 48 მუნიციპალიტეტისგან უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება არ გაცემულა. 27 ადრესატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში გაცემულია 390 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 12 001 136 ლარი.

2020 წელს უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს წარმოადგენდა თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც მოყვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დახმარების ძირითადი ნაწილი გაცემულია კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით. სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, წარმოადგენდა ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების, სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, რომლის მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ სამი ფისკალური წლის განმავლობაში, არ აღემატება 400 000 ლარს. სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით – ჯამურად, ზედიზედ სამი ფისკალური წლის განმავლობაში, არ აღემატება 200 000 ლარს“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.