კონკურენციის სააგენტო - 2016 წელთან შედარებით, 2020 წელს მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41 პროცენტით, ხოლო დოლარში შვიდი პროცენტით
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფინალური ანგარიში, მიღებული შედეგები და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში 2021 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი; 2021 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1 712 ეკონომიკური აგენტი, ათი და მეტი აფთიაქი აქვს 12 კომპანიას – სულ 1238 აფთიაქი. სამი ყველაზე მსხვილი კომპანია ფლობს 927 აფთიაქს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.
„2016-2020 წლებში, ბაზრის იმპორტის დონეზე კონცენტრაციის მაჩვენებელი – HHI ინდექსი, სტაბილურად ზომიერად კონცენტრირებული ნიშნულის ფარგლებშია (1289-1799), ხოლო იმპორტიორ ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა მერყეობს 156-დან 180 ერთეულ კომპანიამდე. მიუხედავად კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის და იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობისა, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია (57%-დან 68%-მდე);”, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.
სააგენტოს მონაცემებით, 2016-2019 წლებში მედიკამენტების ექსპორტის დონის მოცულობა ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა, თუმცა პანდემიურ 2020 წელს სახეზეა ქვეყნიდან ექსპორტირებული მედიკამენტების საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც სავარაუდოდ კავშირშია ექსპორტიორ ქვეყნებში GMP სტანდარტის შემოღებასთან.
„შერჩეულ ექვს სამკურნალო ჯგუფში, ფიქსირდება როგორც ერთი კომპანიის მიერ ბაზრის 40% და მეტი წილის ფლობა და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ასევე, კომპანიათა ჯგუფის მიერ, რიგ შემთხვევებში კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით და სააგენტოს შეფასებით სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობაც. 2016-2020 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებობს მნიშვნელოვან მოთამაშედ ფორმირების მაღალი ბარიერი, რადგან როგორც იმპორტის, ასევე ბაზრის საცალო დონეზე სამი მსხვილი კომპანიის შემადგენლობა 2016-2020 წლებში უცვლელია, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ბაზრის ჰოლდინგური მოწყობისა და ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. ამასთან, ფარმაცევტული ბაზრის მოქმედი საკანონდებლო/პრაქტიკული მოწესრიგება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების დროს ხდება სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელების მითითება, თავისთავად წარმოადგენს ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან ბარიერს;
სააგენტოს მიერ რეალიზებული მედიკამენტების კონკრეტული კომპანიების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) ახორციელებენ იმ მედიკამენტების რეალიზაციას, რაც წარმოადგენს ამავე კომპანიის/კომპანიების იმპორტირებულ ან/და ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს. აღნიშნული გარემოება, სააგენტოს პოზიციით, შესაძლოა წარმოადგენდეს ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შედეგს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში, ურთიერთჩამნაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის არსებობის პირობებში, შერჩეული ჯგუფების და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, 2016-2020 წლებში პაციენტი/მომხმარებელი დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს Ceftriaxone, Ceftazidime; Cefdinir; Cefpodoxime; Cefotaxime; Cefixime ჯგუფის შემთხვევაში, 5 მილიონ ლარს Enalapril + Hydrochlorothiazide; Lisinopril + Hydrochlorothiazide; Ramipril + Hydrochlorothiazide; Captopril + Hydrochlorothiazide ჯგუფის შემთხვევაში.