კონკურენციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 3 დეკემბერს ღონისძიება გაიმართება
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კონკურენციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხვალ, 3 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით – „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“.
შეხვედრას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გახსნის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე; სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა.
კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, ხუთივე მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირი ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერს ხელს. შეთანხმების მიზანია – ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ.
დისტანციურ რეჟიმში ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ – გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერესა მორეირა; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი რენატო ფერანდი.
ღონისძიებას დაესწრებიან: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონკურენციის მსოფლიო დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან.