კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ავსტრიის და სერბეთის კონკურენციის უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ავსტრიისა და სერბეთის კოლეგა უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმებს ხელი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, ნატალი ჰარსდორფ-ბორჩიმ და სერბეთის კონკურენციის დაცვის კომისიის საბჭოს წევრმა, ჩედომირ რადოიჩიჩიმ მოაწერეს.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მემორანდუმები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო აძლიერებს ევროპასთან ურთიერთობებს, ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო-ავსტრიასა და საქართველო-სერბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში მიმდინარე II საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. კონფერენცია, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, 16 ნოემბერს გაიხსნა და 18 ნოემბერს დასრულდა.
კონფერენციაში 300-ზე მეტი დელეგატი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2014 წლიდან დღემდე საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებებთან 24 საერთაშორისო მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.