კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ხუთი ბაზრის მონიტორინგი და სამი მოკვლევა დაასრულა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს შვიდი მონიტორინგიდან დასრულდა ხუთი ბაზრის შესწავლა, მათ შორის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, COVID 19-ის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, გამოქვეყნდა შუალედური მიმოხილვა. ასევე, უწყების მიერ დამუშავდა ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტი.
შესაბამისად, 2021 წლიდან სააგენტო მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილებას ახალი მეთოდური დოკუმენტის საფუძველზე განახორციელებს. საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 6 მოკვლევა. დასრულდა 3 – „ჯი თი მოტორსის“ საქმე, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საქმე და „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმე.
ერთ შემთხვევაში დამტკიცდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია დაეკისრა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით რეკომენდაცია გაიცა. ორ შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 7 საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
2020 წელს, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 4 რეკომენდაცია. მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება უწყებაში შემოვიდა 1, რომელზეც გაიცა თანხმობა. საანგარიშო პერიოდში, დამუშავდა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.
ასევე, კონკურენციის სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, მომზადდა გზამკვლევი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„2020 წელი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის, პანდემიის მიუხედავად, გამორჩეული იყო. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. დადგინდა და დაიხვეწა უწყების ფუნქცია-მოვალეობები. ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. განხორციელდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფას. პარლამენტში დაინიცირებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც სააგენტო განისაზღვრება. დოკუმენტი ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. კონკურენციის პოლიტიკის ისტორია საქართველოში, რომელიც გარკვეული ცვლილებებით ხასიათდებოდა, თითქმის, 30 წელს ითვლის. ეს არის უდიდესი გამოცდილება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა იმისა, რომ დღეს სააგენტომ – მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობა ეფექტურად აღასრულოს. მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევად რჩება მომხმარებლების და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მანდატის გაძლიერება. შესაბამისად, 2021 წელს, უწყებამ მნიშვნელოვან საკითხებს – ეფექტიანი, ქმედითი გადაწყვეტილებების შედეგებით უნდა უპასუხოს“, – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, კონკურენციის სააგენტო ახორციელებს საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგებს. სამ მოკვლევიდან დასრულდა ერთი, სადაც დადგინდა შეთანხმებული ქმედება. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე მიმდინარე რეჟიმშია ორი მოვლევის პროცესი – შედეგები 2021 წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. პირველი ივნისიდან იწყება განაცხადების მიღება ანტიდემპინგის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის მხარდაჭერით იწყება გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ასევე კომუნიკაციის სტრატეგიის დამუშავება.