კონკურენციის ეროვნული სააგენტო ორი სამედიცინო დაწესებულების შერწყმის საკითხს შეისწავლის
ორი სამედიცინო კომპანიის შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
„საქმე ეხება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ შპს „ამტელ ჰოსპიტალს პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენას, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანიების გაერთიანება იგეგმება. ორი კომპანიის გაერთიანებასთან (კონცენტრაციასთან) დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ამა წლის 25 მარტამდე ექნებათ. მოსაზრებები სააგენტოს ელ ფოსტაზე: [email protected] ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული, უნდა გამოიგზავნოს.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციების) კონტროლს ორფაზიანი – მარტივი და რთული სისტემის ფორმატში ახორციელებს. მარტივი სისტემა შერწყმის შესაძლებლობას 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში კი რთული სისტემის ხანგრძლივობა 90 სამუშაო დღეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. 2021 წელს, ქვეყანაში სულ 21 423 კონცენტრაცია განხორციელდა. 2 კონცენტრაცია (შერწყმა) შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით.
ერთი კონცენტრაცია (გაერთიანება) სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა. ასევე, ამ ეტაპზე, შესწავლის რეჟიმშია – მშენებლობის და სამშენებლო მასალების ვაჭრობის ბაზარზე მოქმედი ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.