კონკურენციის ეროვნული სააგენტო - კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო სამი კომპანია დაჯარიმდა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო სამი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა, მათ შორის ერთი ფიზიკური პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
„საკითხი ეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმის წარმოება ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა ორი კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.
კონცენტრაციები განხორციელდა აქსესუარებისა და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტისა და რეალიზაციის სექტორში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის სფეროში.
ინფორმაციისთვის, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე, მინიმუმ, ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 000 ლარი.
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ ექვს კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან ორი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.