კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, Biletebi.ge განცხადებას ავრცელებს
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, Biletebi.ge განცხადებას ავრცელებს

Biletebi.ge კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცადებაშია აღნიშნული, არ ეთანხმებიან Biletebi.ge-ს დაჯარიმებას, კინოსა და TKT-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად მიჩნევას კი ეთანხმებიან.

„ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ სააგენტომ მიიჩნია კინოსა და TKT-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად. გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებლობა მიეცა Biletebi.ge-ს, დაბრუნებულიყო ბაზარზე.

არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ Biletebi.ge დაჯარიმდა. Biletebi.ge-ს არასდროს ჰქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და მას არასოდეს დაუდია ასეთი შეთანხმება. Biletebi.ge მონაწილეობდა მოლაპარაკებაში, რომ მასაც ჰქონოდა ბილეთების ელექტრონული ვაჭრობის გაყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ შეთანხმება/ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სამართლიანი არ არის Biletebi.ge-სთვის“, – აღნიშნულია Biletebi.ge-ს განცხადებაში.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დარღვევის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს, სამ კომპანიას, ჯამურად, 1,6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.