„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება
20-22 ნოემბერს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. კონფერენციის ფარგლებში საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15 დელეგაციას უმასპინძლებს.
„ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კოლეგა უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა.
კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დაგეგმილია 6 სამუშაო სესია და 2 პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ: კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე; ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე; მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებზე, სტანდარტებსა და ტენდენციებზე; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, კარტელებთან ბრძოლის მეთოდებზე; როგორ მიმდინარეობს ანტიდემპინგური პოლიტიკის მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში და ა.შ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.