ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ სპეციალური ფონდიდან თანხა უნდა გამოიყოს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის შედეგებზე რეაგირებისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა კანონპროექტი, სახელწოდებით „კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვა“ (DASKA), რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც დოკუმენტის განმარტებაშია აღნიშნული, კანონპროექტი ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაძლიერებას, საერთაშორისო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, რომელსაც ამერიკულ მედიაში „ჯოჯოხეთურ სანქციებს“ უწოდებენ.
კანონპროექტის განახლებული ვერსია სენატს 13 თებერვალს წარუდგინეს. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, კანონპროექტი მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობისა და რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების წინააღმდეგ. გარდა ამისა, დოკუმენტი აშშ-ის დაზვერვას გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს. კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, ნაციონალურმა დაზვერვამ კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს დეტალური ანგარიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადი აქტივებისა და კაპიტალის შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პუტინისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლის წყაროების, ინვესტიციების, საბანკო ანგარიშების, საწესდებო კაპიტალების წილების შესახებ. ასევე, აშშ-ის ეროვნულმა დაზვერვამ კონგრესმენებს უნდა მიაწოდოს ცნობები პუტინთან დაახლოებული უცხოელი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების შესახებ.
გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესს უნდა მიაწოდონ ანგარიში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ და რუსეთის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შესაძლო შეყვანასთან დაკავშირებით.
ამასთან, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ ვერ დატოვებს ნატო-ს სენატის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე.
რაც შეეხება საქართველოს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინის მთავრობის კონტროლს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა, შეწყვიტოს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების ოკუპაცია და იქ პრორუსული ძალების მხარდაჭერა.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფონდიდან გარკვეული თანხა უნდა მოხმარდეს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ და გამწვავებულ ჰუმანიტარულ კრიზისებსა და დესტაბილიზაციაზე რეაგირებას.
აღნიშნული ფონდის მიზანია, ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის გავლენის წინაშე მოწყვლადი ქვეყნების დახმარება, კერძოდ, კიბერთავდასხმებისგან ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმების დაცვაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებაში, მართლმსაჯულებისა და პროკურატურის გაძლიერებაში.
ფონდის რესურსი ასევე უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის გავლენასა და პროპაგანდას, ებრძვიან კორუფციას.
დოკუმენტის მომზადებაში როგორც დემოკრატი, ისე კონგრესმენი სენატორები მონაწილეობდნენ.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი რობერტ მენენდებსმა და ლინდს გრემმა ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ აგვისტოს წარადგინეს, თუმცა კონგრესის შუალედური არჩევნების გამო, კენჭისყრა გადაიდო.
კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა, რომ პროექტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცოს, შემდეგ კი დოკუმენტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს ხელი.