კონგრესში დემოკრატების ლიდერი ჰაკიმ ჯეფერსი აცხადებს, რომ უკრაინა ომში თუ დამარცხდება, აშშ-ს ჩარევა მოუწევს
კონგრესში დემოკრატების ლიდერი ჰაკიმ ჯეფერსი აცხადებს, რომ უკრაინა ომში თუ დამარცხდება, აშშ-ს ჩარევა მოუწევს. ეს განცხადება კონგრესმენმა ამერიკულ ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას უკრაინას, დამარცხდეს, რადგან თუ ეს მოხდება, არსებობს დიდი ალბათობა, რომ აშშ-ს მოუწევს კონფლიქტში ჩარევა არა მხოლოდ ფულით, არამედ ჩვენი სამხედროებით“, – განაცხადა ჯეფერსმა.
როგორც ჯეფერსი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და ნატო-ს დაემუქრება.
„პუტინი არ გაჩერდა მეზობელ საქართველოში შეჭრის შემდეგ, ყირიმის მიტაცებას მოჰყვა ჩარევა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ თანმიმდევრული აგრესიის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში წარმატების მიღწევის უფლებას მივცემთ, მაშინ ის მხოლოდ უკრაინაზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, არა“, – განაცხადა ჯეფერსმა.
ჯეფერსმა აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის გაჭიანურებაში „პროპუტინური ლობი“ დაადანაშაულა.
„რესპუბლიკურ პარტიაში ფართოვდება პროპუტინური ფრაქცია, რომელსაც არ აქვს სურვილი, უკრაინას დაეხმაროს, ვარაუდობს რა რაღაც მიზეზით, რომ რუსეთი არ წარმოადგენს აშშ-ის მტერს“, – განაცხადა კონგრესმენმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხარდამჭერ ჯგუფს კონგრესში რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ ხმა 15 სენატორმა მისცა.