ტეხასის შტატის კონგრესმენმა, რენდი უებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა.
ამერიკელი კანონმდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გზავნილს საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„ჩემს ხმას ვამატებ მზარდ ორპარტიულ შეშფოთებას, რომელიც აშშ-ის კონგრესმენებმა გამოთქვეს საქართველოს განგრძობადი უკუსვლის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობისგან. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი საგარეო დახმარება, რომელსაც აშშ საქართველოში აგზავნის. ვგრძნობ, რომ უნდა შევუერთდე კოლეგებს, რომლებმაც ბოლო დღეებში მოგწერეს. ვუერთდები მათ შეშფოთებას, რაც გამოთქმულია საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გამო და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების არასათანადო სამიზნედ ქცევისა და შევიწროების გამო“, – ნათქვამია წერილში.
კონგრესმენის თქმით, მან შარშან მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერს აქტს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთისგან მომავალი გამოწვევის ფონზე.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი არ ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას“, – წერს უებერი.
მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 50%-ით არის შემცირებული.
„ამასთან ერთად, „თრანსფერესი ინთერნეიშენელის“ კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი განაგრძობს კლებას და 2015 წლიდან ვხედავთ სტაგნაციას. ამ ანგარიშის მიხედვით, „არასასურველი ზეგავლენა წამყვან ინსტიტუტებზე საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება“ და „ძალაუფლების კერძო პირებთან კონცენტრაცია“ ასევე არის მიმდინარე გამოწვევა საქართველოში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ქულებში პროგრესის არქონა მიუთითებს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე“, – აცხადებს უებერი.
მისივე თქმით, ასეთ გარემოში უცხოური ინვესტიციების შემცირება „სიურპრიზი არ უნდა იყოს“.
„ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტისა და ექსპროპორციული თავდასხმების შემთხვევები“. ამის ნათელი მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჩემი მშობლიური შტატიდან, ჰიუსტონიდან „ფრონტერა რესურსი“. გაუარესებული გარემოს კიდევ ერთი მაგალითი დაკავშირებულია ამერიკულ კომპანია „ფეისბუქთან“, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღმოაჩინა და დახურა საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანგარიშების ქსელი, რომლებსაც „არასათანადო, არაავთენტურ ქცევაში დასდეს ბრალი, რისი მიზანიც იყო ქართული ოპოზიციის განადგურება და ანტიდასავლური განწყობის წინ წაწევა, განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-ს“,- წერ უებერი.
კონგრესმენის აღნიშნავს, რომ სწორედ ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-მა მიიღო ორი კანონი აშშ-ის კონგრესიდან – 2019 და 2020 წლებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ და ეს კანონები კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ფასეულობებისგან, თავისუფალი ბაზრის პრინციპისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესებისგან გადახვევას.
„შემჩნეული ნეგატიური ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი ყოველწლიური უცხოური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები. შევუერთდი კონგრესის მზარდი რაოდენობის წევრებს რეფორმებისკენ მოწოდებაში „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ თანასპონსორობით, რომელიც წარდგენილია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.
საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, მეგობრებს შორის გულწრფელი საუბარი მომავალ წლებში ურთიერთობებს გაამყარებს. ამ კონტექსტში, ასევე იმედი მაქვს, თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, რომ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ქმედებები შეაჩეროს, წაახალისოს ამერიკიდან მზარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ერთმნიშვნელოვნად იპოვის გზებს, რათა რეაგირება მოახდინოს შემაშფოთებელ ნიშნებზე, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – წერს რენდი ვებერი.
კონგრესმენი წერილის ასლებს ასევე უგზავნის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ვაჭრობის მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს.
I am alarmed by reports of delayed reforms and a declining climate for U.S. investment in #Georgia, especially for energy companies from the #USA. I wrote this letter to Georgia’s Prime Minister @GakhariaGiorgi to express my serious concern. pic.twitter.com/Ow87sliPiK
— Randy Weber (@TXRandy14) February 11, 2020