კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა გიორგი გახარიას წერილით მიმართა
კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა გიორგი გახარიას წერილით მიმართა

ამერიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა.

„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ,  რათა ჩემი ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას, რომელიც ისმის საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან უკუსვლისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო.

ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემს კოლეგებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ჯგუფს, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომელთა 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილშიც ხაზგასმულია შეშფოთება დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმის გამო, ისევე, როგორც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობების გამო. მეტიც, მინდა, შევუერთდე ჩემ კოლეგა კონგრესმენ მარკუეინ მალენს და მის გზავნილს, რომელიც მან გადმოგცათ 2020 წლის 13 იანვარს.

როგორც იცით, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველო აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა. შარშან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც სენატში განიხილება. აღნიშვნადაც კი არ ღირს, რომ ამ ტექსტში ხაზგასმული მთავარი პრინციპი უპირველეს ყოვლისა არის შემდეგი:

„აშშ-ის პოლიტიკის ნაწილია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერის გაგრძელება. ეს მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.“

სწორედ ამ პოლიტიკის სულისკვეთებით გწერთ თქვენ, რადგან საქართველოს დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ინდიკატორებში შესამჩნევია ნეგატიური ტენდენციები, რაც გახდა აშშ-ის კონგრესის წევრების შეშფოთების საგანი.

ამ ტენდენციების შედეგად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს, რადგან აშშ-ისა და ევროპის ბიზნეს ინტერესები საქართველოში შევიწროების, კონტრაქტების გაუქმებისა და ექსპროპრიაციის სამიზნე გახდა. ამის ნათელი თვალსაჩინო მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჰიუსტონიდან „ფრონტერა რესურსი“. ასევე შემაშფოთებელი იყო იმის ხილვა, რომ ამერიკულმა კომპანია „ფეისბუქმა“ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და დახურა საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, „კოორდინირებულ არაავთენტურ საქმიანობას“ ეწეოდა, რისი მიზანიც ოპოზიციური შეხედულებების ჩახშობა და ანტიდასავლური სენტიმენტების წამოწევა იყო, განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ.

ამ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასიგნებების ორ აქტს აშშ-ის კონგრესიდან, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკუთრებით არის საუბარი საქართველოს მთავრობის პროგრესირებად ანტაგონისტურ ქმედებებზე, რაც მიმართულია დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ. პირველად საქართველოს ისტორიაში, თქვენი ქვეყანა წარმოჩინდა ნეგატიურ და გამაფრთხილებელ ჭრილში აშშ-ის მთავრობის ასიგნებების მიმართ.

ჩემ მიერ აღწერილი ნეგატიური ტენდენციების გამო და ცვლილებების წახალისების მცდელობით, სანქციების განხილვისა და სხვა ჯარიმების დაწესების მოწოდებები უფრო ხმამაღლა ისმის. მე შევუერთდი იმ კონგრესმენების მზარდ რიცხვს, ვინც რეფორმას ითხოვს და გავხდი „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების აქტის“ თანაავტორი. ეს აქტი აშშ-ის წამომადგენელთა პალატაშია წარდგენილი.

გულწრფელად მაქვს იმედი, რომ საქართველო მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში კვლავ იქნება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, ააშენებს რა მის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რისი მტკიცე საფუძველიც იქნება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა, და ანტიკორუფციული ძალისხმევა“. ამის გათვალისწინებით, ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, რათა შეაჩეროს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები და იმუშავებს მზარდი გამაფრთხილებელი ნიშნების შესაჩერებლად, რაც წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, რაც არის ღვთის მიერ ყველა ქართველისთვის მინიჭებული ბუნებრივი უფლება“, – აღნიშნულია წერილში.