კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით ჯო ბაიდენს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გაამახვილოს ყურადღება
აშშ-ის კონგრესის წევრი, ვიქტორია სპარცი ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიდევ ერთი წერილით მიმართავს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს „ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო“.
წერილში ვიქტორია სპარცი აღნიშნავს, რომ ანდრეი ერმაკი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნის პროცესს ანელებს. აშშ-ის კონგრესის წევრი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.
„ბოლო ზეწოლის შედეგად კიევმა საბოლოოდ გააგრძელა ალექსანდრე კლიმენკოს ანტიკორუფციულ პროკურორად დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც ოლეგ ტატაროვმა, ერმაკის დანიშნულმა პირმა თითქმის ორი წელი გააჩერა, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და გენერალური პროკურორის მხრიდან დამატებით ქმედებებს მოითხოვს. კიევმა ასევე ცოტა ხნის წინ ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადააყენა. როგორც ჩანს, ბატონმა ერმაკმა შესაძლოა, სცადოს პარტიული პროკურორის დანიშვნა ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, რომელმაც შეიძლება, ეფექტურად შეაფერხოს ბატონი კლიმენკოს მუშაობა“, – აღნიშნულია წერილში.
გარდა ამისა, კონგრესმენის თქმით, ერთ-ერთი საკითხი წამოჭრა აშშ-ის ლიცენზირებულმა თავდაცვის კონტრაქტორმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დენის შარაპოვზე. აღნიშნული პიროვნება, მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა ერმაკის მიერ.
„ცნობილია, რომ ბატონი შარაპოვი არის ანდრეი ერმაკის, ბორის ერმაკის (ანდრეის მამა, რომელიც პენსიაზე გავიდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიდან) და რუსეთის მოქალაქე რახამიმ ემანუილოვის ბიზნესპარტნიორი, რომელსაც ადრე ჰქონდა კავშირი ირანთან და ავღანეთთან, ახლა კი ვლადიმერ პუტინთან“, – ნათქვამია წერილში.