კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი - აუცილებელია, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის კუთხითაც გამახვილდეს ყურადღება
ძალიან მომწონს ქართველი ხალხის სულისკვეთება და ასევე, აუცილებელია, გაძლიერდეს ეს მისწრაფებები, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა, ვერნ ბიუქენანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვდრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც ისაუბრეს.
„დიდი მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, საქართველოში კვლავ ვიზიტის საშუალება მომეცა. ძალიან მომწონს ქართველი ხალხის სულისკვეთება და ასევე, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს ეს მისწრაფებები. ვიზიტის განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა. საუბარი გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების კუთხით და აუცილებელია, რომ ყურადღება გამახვილდეს თავისუფალი ვაჭრობის კუთხითაც. მოუთმენლად ველოდები მომდევნო დღეებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძლიერი პარლამენტი ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია“, – განაცხადა ვერნ ბიუქენანმა.
კონგრესმენმა ვიზიტის ორგანიზებისთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს, დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. ირაკლი კობახიძესთან კონგრესმენების შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა. შეხვდრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.