კონგრესმენი უილიამ კიტინგი - საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, აშშ-მა მას მხარი დაუჭიროს
დღეს საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუჭიროს მხარი საქართველოს, რომ ის წინ აღუდგეს რუსეთს, – ამის შესახებ მასაჩუსეტსის შტატის კონგრესმენმა, უილიამ კიტინგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან პარტნიორობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ისტორია აქვს და ის არის რეგიონში მთავარი მოთამაშე.
„ის არის რეგიონში მთავარი მოთამაშე. სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა; რუსეთი შეიჭრა საქართველში და მოახდინა ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთი განაგრძობს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.
დღეს საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუჭიროს მხარი საქართველოს, რომ ის წინ აღუდგეს რუსეთს – როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების, ასევე რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებთან ბრძოლით, რათა საქართველომ განაგრძოს გზა მიზნისკენ, იქცეს ძლიერ და სუვერენულ დემოკრატიად.
ამაყი ვარ დღეს მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მუდამ იყო მტკიცე პარტნიორი აშშ-ისთვის და ამაყი ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საქართველოს ჩვენს მხარდაჭერას ამ კანონით“, – განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის კონგრესმენმა.