კონგრესმენი კრისტოფერ სმითი - რუსეთს 10 წელზე მეტია, არალეგალურად აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პუტინმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპები და ის დაუსჯელია
რუსეთს უკვე 10 წელზე მეტია, არალეგალურად აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა კონგრესში განაცხადა, სადაც რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.
„მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი პუტინის სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ის თბილისშიც აპირებდა შეჭრას. ჩემი თვალით ვიხილე იძულებით გადაადგილებული პირები, ვიხილე დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და მინდა ვთქვა, რომ პუტინმა საბჭოთა კავშირის წარსული გააცოცხლა. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპები და ის დაუსჯელია. ის უარს ამბობს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის გამო საქართველოსა და უკრაინაში ათასობით ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ეს ორივე ამ ქვეყნის მოსახლეობის უფლებების დარღვევის მიზეზი გახდა“,- განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.