კონგრესმენი ჯო ვილსონი - ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ჩინებული მოკავშირეა
კონგრესმენი ჯო ვილსონი - ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ჩინებული მოკავშირეა

ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ჩინებული მოკავშირეა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საერთაშორისო ტერორიზმის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა განაცხადა.

ვილსონი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, იზიარებს კონგრესმენ ადამ კინზინგერის პათოსს, რომელმაც ამავე კომიტეტზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

„ვიზიარებ კონგრესმენი კინზინგერის ძალიან დადებით პათოსს – ჩვენ უნდა გვიხაროდეს. ეს მოხდა 30 წლის წინ, როცა ბერლინის კედელი დაინგრა. მე იმ ასაკის გახლავართ, რომ ეს მახსოვდეს – კედელი თითქოს მუდმივად უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, შეგუებულნი უნდა ვყოფილიყავით ამას. რა გასაოცარი ამბავია, რომ მოხდა კედლის დანგრევა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს განმეცადა. როგორც თქვენ აღნიშნეთ – საქართველოს რესპუბლიკა. ვინ წარმოიდგენდა ამას – მე გახლდით გორში, სტალინის დაბადების ადგილას. დრო ასე სასიკეთოდ შეიცვალა. დღეს, საქართველო აშშ-ის დიდი მეგობარია – მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაყოფი ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანას. ნატო-ში გაწევრიანემდეც კი, საქართველო ასეთი ჩინებული მოკავშირეა“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი).

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე – „დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა“. მოსმენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, „ლეხ ვალენსას ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ლეხ ვალენსა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე.