კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
„ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან გვაქვს“,- ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.
კონგრესმენმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოსთან მეგობრობას.
„ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ იმ ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ, განსაკუთრებით, კი საქართველოს პარლამენტის წევრებთან. გვახსოვს, რისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს და სოლიდარობა, რომელსაც ჩვენი საერთო ღირებულებების საფუძველზე ვგრძნობთ, დემოკრატიის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ეფექტური წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი – ეს არის ის საკვანძო ფაქტორები, რომლებზეც დგას დემოკრატია“, – განაცხადა დევიდ პრაისმა.
მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ სამეზობლოში, ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე უხდება.
„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი ყველა პოლიტიკური სპექტრიდან მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისკენ და გამოხატავს თვითგამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. თვითგამორკვევა ფუნდამენტური საკითხია. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“,- განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად აუცილებელია ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დევიდ პრაისმა დემოკრატიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა გაგრძელდება.
„გვესმის, რომ პარლამენტის წევრებისათვის მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო გამოცდილები, რომ პარლამენტი იყოს უფრო ეფექტური და ეს არის ჩვენი კრიტერიუმი. არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან.
ვიმუშავებთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის დონეზეც, მოგიწვევთ თქვენც, ჩავატარებთ სემინარებს. ვცდილობთ, ავაშენოთ ინსტიტუტები, განვავითაროთ დემოკრატია და ეს ბევრ მუშაობასა და თავდადებას მოითხოვს.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. თუმცა, ასევე გადამწყვეტია ის, თუ რა ხდება არჩევნებს შორის. თუკი პარლამენტი ეფექტურია, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ემსახუროთ ხალხს და მიიღოთ სტაბილური, უსაფრთხო და გრძელვადიანი დემოკრატია. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ასეთი ტიპის ინსტიტუციური გაძლიერება და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის.
ბატონო თავმჯდომარევ, ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას მოგახსენებთ იმ მოწინავე როლისთვის, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთაშორისო დონეზე და მადლობას გიხდით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისთვის“,- განაცხადა კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლისას.
მიღებას, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ