კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე - 2020 წელს ჯო ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ მის ოჯახს არასდროს მიუღია ფული ჩინეთიდან, დავამტკიცეთ, რომ ეს ტყუილია, ჩინეთიდან ორჯერ გადაირიცხა თანხა
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა 2019 წელს ჩინელი ბიზნესპარტნიორებისგან 250 000 დოლარი მიიღო, ამ თანხის ბენეფიციარის მისამართად კი ჯო ბაიდენის დელავერში მდებარე სახლი იყო მითითებული.
როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს კონგრესიდან, სადაც ბაიდენის ოჯახის ბიზნესგარიგებებს სწავლობენ.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, პირველი ტრანში ჰანთერ ბაიდენმა 2019 წლის 26 ივლისს მიიღო, ხოლო მეორე – 2019 წლის აგვისტოში. როგორც მედია წერს, ორივე ტრანში, სავარაუდოდ, ჰანთერ ბაიდენის ჩინელმა ბიზნესპარტნიორებმა გადარიცხეს.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ჰანთერ ბაიდენმა 2017, 2018 და 2019 წლებში ველმინგტონში მდებარე ბაიდენების საოჯახო სახლში გარკვეული დრო გაატარა, თუმცა უცნობია, ცხოვრობდა თუ არა ბაიდენის ვაჟი ამ სახლში იმ პერიოდში, როდესაც ჩინეთიდან თანხის გადმორიცხვა მოხდა.
როგორც ცნობილია, 2019 წლის აგვისტოში ჯო ბაიდენმა, რომელსაც უკვე წარდგენილი ჰქონდა საკუთარი კანდიდატურა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ არასდროს განუხილავს ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები შვილთან ან ძმასთან.
„2020 წელს ჯო ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ მის ოჯახს არასდროს მიუღია ფული ჩინეთიდან. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ეს ტყუილია. ახლა კი ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩინეთიდან ორჯერ გადაირიცხა თანხა, რომლის ბენეფიციარად ჯო ბაიდენის სახლი იყო მითითებული და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბაიდენი პრეზიდენტად იყრიდა კენჭს“, – განაცხადა კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა.