კონგრესი - აშშ-ის პოლიტიკაა, დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევები, ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის მკვლელობები
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.
„აშშ-ის პოლიტიკაა, რომ არ აღიაროს ძალისმიერი ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო შეჭრა და ოკუპაცია; დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები. მათ შორის საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლოდროინდელი მკვლელობები; მხარი დაუჭიროს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, მათ შორის მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის”, – აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის მხარდამჭერ კანონპროექტში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.