კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იტურის პროვინციაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების დროს 49 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საქველმოქმედო კათოლიკურ ორგანიზაცია „კარიტასზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვლილების გარდა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებიც.
„კარიტასის“ წარმომადგენელთა თქმით, ეთნიკურ ჯგუფ ლენდუს წარმომადგენლები სოფელ მაზეს დაესხნენ თავს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ზოგიერთ ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი.
იტურის პროვინციაში კონფლიქტი ეთნიკური ჯგუფების ჰემასა და ლენდუს წარმოამდგენლებს შორის 1999 წლიდან გრძელდება. ამის მიზეზი მიწები და რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსებია, მათ შორის ოქრო.
2003 წელს პროვინციაში გაერო-ს სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა. 2006 წელს აქტიური შეტაკებები შეწყდა, თუმცა რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები მშვიდობიან მოსახლეობას პერიოდულად დღემდე ესხმიან თავს. 2017 წლის დეკემბერში ვითარება კვლავ გამწვავდა. ბოლოს სამი თვის განმავლობაში იტურიში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200 ათასზე მეტი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
საველე მეთაურები იტურიდან – ტომას ლუბანგა და ჟერმენ კატანგა 2012 და 2014 წლებში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ სამხედრო დანაშაულებისთვის გაასამართლა და მათ 12 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.