კონფერენს ლიგა | „აქტობეს“ მწვრთნელი - საკადრო პრობლემები გვაქვს #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქემ, „აქტობემ“ ყაზახეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში აუტსაიდერი აქტაუს „კასპიი“ ვერ დაამარცხა (2:2), რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა საკადრო პრობლემებს და ხელოვნურსაფრიან მოედანს დააბრალა. მან სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
„ამ რთული მატჩისთვის მზად ვიყავით. ვიცოდით, რომ ევროტურნირის მატჩიდან ჩემპიონატზე გადართვა გაგვიჭირდებოდა, ხელოვნურსაფრიან მოედანზე თამაში რთული იქნებოდა. ქვეყანაში ალბათ ყველაზე უარესი საფარი „კასპიის“ აქვს. რომ ვერ მოვიგეთ, ამის მიზეზი საკადრო პრობლემებიც იყო.
ყველამ იცის, რომ გადრანი ტრავმირებულია, რაიჩკოვიჩი, შომკო, ნიანბო არ იყვნენ, კენესოვმა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, შინამ ერთი ვარჯიში ჩაატარა, იგივე ეხება იჰაბს. რა თქმა უნდა, მოგება და სამი ქულის მოპოვება გვინდოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის საშინაო შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ძალიან გვინდა საკუთარ მოედანზე კარგი მატჩის ჩატარება და გულშემატკივრების გახარება“, – ამბობს „აქტობეს“ მწვრთნელი.
კონფერენს ლიგაზე „აქტობესა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარი პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში იხილავს.