თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალაში მუხის ხეები ჯერ დაუდგენელი პირების მიერ იჩეხება.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი რამდენიმე ერთეული მუხის მოჭრის შემთხვევა მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა.ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილი ჯერ ადგილზეა.
კონკრეტულ ტერიტორიაზე ხის უკანონოდ მოპოვების ახალ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს კახეთის სატყეო სამსახურს, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები რეგიონში ბევრია. მათი განმარტებით, ხე-ტყის უკანონო მომპოვებლებს სანქციებს აკისრებენ, თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს ტყის დაცვას.
სატყეო სამსახურის კახეთის მთავარი მეტყევე იოსებ ტურაშვილი ამბობს, რომ ჭალების ტყის გაკონტროლება რთულია და მისი გაჩეხვაც უმეტესად ღამის საათებში ხდება.
კონდოლოს ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის კოორდინატორი კახეთში კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ კონდოლის ტყეში გაჩეხილია 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური ჯიშის ხეები და ამის მიზეზად კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემას მიიჩნევს.
სუხიტაშვილი ამბობს, რომ პრევენციის მიზნით საზოგადოებაში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს საინფორმაციო კამპანია.
„მე ვნახე კონდოლოს ჭალაში მოჭრილი 1,5მ დიამეტრის მუხის ხე, მისი ამ დიამეტრამდე გაზრდისთვის სავარაუდოდ 300 წელია საჭირო. ვიდრე საზოგადოებაში პრიორიტეტული არ გახდება ტყეების გადარჩენის საკითხი და მომავალ თაობებს არ აღვზრდით იმ შეგნებით, რომ ტყის გაჩეხვა დაუშვებელია, ასეთი ფაქტები საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს“,- აცხადებს სუხიტაშვილი.
კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის უკანონო ჭრებთან დაკავშირებით სატყეო სამსახური მოკვლევის დაწყებას გეგმავს.
„სხვა შემთხვევებზე აღრიცხვის მასალები გვაქვს გადაგზავნილი და ეს მასალებიც გადაიგზავნება პოლიციაში ან პროკურატურაში. დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას“,- განაცხადა კახეთის მთავარმა მეტყევე იოსებ ტურაშვილმა.