კომუნიკაციების კომისიისა და ევროკომისიის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის 22-ე პლენარული სხდომა გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 22-ე პლენარული შეხვედრა ჩატარდა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„შეხვედრის მიზანი წარმოადგენდა EaPeReg-ისა და მისი ექსპერტული ჯგუფების განვლილი წლის საქმიანობის შეჯამება, შემდგომი წლის აქტივობების დაგეგმვა და EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის არჩევა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა და EaPeReg-ის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და საქართველოსთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის შესაბამის ჩარჩოსა და პოლიტიკასთან აპროქსიმაციის მიზნით, ComCom-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში ინტეგრაცია.
გახსნით ნაწილში, სხდომის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ირლანდიის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და EaPeReg-ის ვიცე-თავმჯდომარემ, რობერტ მოურიკმა, რომელმაც ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და, ზოგადად, ციფრული სფეროს განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობასა და დაახლოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების გახსნით ნაწილში სიტყვით წარდგა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას ჩენდეროვიჩიც.
„მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრას სწორედ თბილისი და კომუნიკაციების კომისია მასპინძლობენ. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ComCom-ის პასუხისმგებლობა და საქმიანობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა“, – განაცხადა მან.
გახსნითი ნაწილის შემდგომ, EaPeReg-ის ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის მიმოხილვის მიზნით, გაიმართა პირველი სესია, რომლის ფარგლებშიც, EU4Digital-ის პროგრამის ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა, ანდრის დომბროვსკისმა, სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, რომან ქურდაძემ, ასევე მარეგულირებლების დამოუკიდებლობისა და ფართოზოლოვანი მომსახურების ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ, ინგა პოპოვიჩმა და როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, ზარუჰი სტეფანიანმა 2023 წლის აქტივობები მიმოიხილეს და განხორციელებული პროექტები შეაფასეს.
მომდევნო სესიაზე სიტყვით წარდგა ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი მზია გოგილაშვილი და EaPeReg-ის ხელმძღვანელობის აქტივობების, ინიციატივების, განხორციელებული სამუშაოებსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.
ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა, იშტვან ბაკმა მონაწილეებს EaPeReg-ის ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ ევროკომისიის უახლესი წესები და პროცედურები გააცნო.
EaPeReg-ის პლენარული სხდომის რიგით მეორე სესია BEREC-ის ოფისის დირექტორმა, ლასლო იგნეციმ, ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორმა, იაროსლავ პონდერმა, EMREG-ის თანათავმჯდომარემ, პეტროს გალიდესმა და კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ლინ რობინსონმა EaPeReg-თან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობით დაასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარის არჩევნები და მონაწილე ქვეყნებმა ღია კენჭისყრით EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარედ – მოლდოვის მარეგულირებელი ორგანო (ANRCETI), ხოლო ვიცე-თავმჯდომარედ რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო (ANCOM) აირჩიეს, რის შემდეგაც ANERCET-ის და ANCOM-ის წარმომადგენლებმა ქსელის 2024 წლის სამუშაო გეგმაზე და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.
EaPeReg-ის 22-ე პლენარული სხდომა ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის 2023 წლის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ, ასევე ComReg-ის თავმჯდომარემ, EaPeReg-ის ვიცე-თავმჯდომარემ, რობერტ მოურიკმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა, ვასილის კოპანასმა შემაჯამებელი სიტყვებით დახურეს.