კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
გახსნით სესიაში, რომელიც კონკურენციასა და მომხმარებლის უფლებების კუთხით მიღწევებს და გამოწვევებს ეხებოდა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ყურადღება გაამახვილა კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.
„კომუნიკაციების კომისიისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლების ინტერესების დაცვა, სწორედ აღნიშნული მიზნით კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიმართულებით, რაზეც რეაგირებას კომისია კანონის შესაბამისად ახორციელებს. ასევე უნდა აღვნიშნო კომისიის საქმიანობა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ასევე მარეგულირებელი ორგანოების ერთიანი პლატფორმის ფარგლებში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგულირებელი უწყებების თანამშრომლობას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონკურენციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ამ მიმართულებით მარეგულირებელი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
16-18 ნოემბერს საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ სამდღიანი ღონისძიება იმართება, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.