კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლების უფლებების დაცვის რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კვირეულის ფარგლებში ტელეკომუნიკაციების სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები მიმოიხილა და მარეგულირებლების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უნდა აღინიშნოს, რომ კოლეგა მარეგულირებლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის უფლებების დაცვის მიმართულებით, თვალსაჩინო შედეგები გვაქვს და იმედია, რომ ჩვენი უწყებების თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება, იმისთვის, რომ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები ჰქონდეს“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
ვახტანგ აბაშიძემ თავის სიტყვაში კომპლექსური კვლევის პროექტი კიდევ უფრო დეტალურად მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კვლევა ტელეკომბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას, კონკურენციის გაუმჯობესებასა და ქართველი მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნას ემსახურება.
„კომპლექსური კვლევა მეორე კვარტალში დასრულდება და დაადგენს, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორებიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტმომსახურების ბაზრის, ე.წ. Bitstream სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტტრანზიტის ბაზრები, ასევე მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ“, – აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ აბაშიძემ ყურადღება ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების პროექტზეც გაამახვილა, რომელსაც, მისი განცხადებით, კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
„როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნისას მობილური სერვისებით როუმინგის დამატებითი საფასურის გარეშე ან მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით ისარგებლონ“, – განაცხადა მან.
მომხმარებლებისთვის ტელეკომმომსახურებების გაუმჯობესების მიმართულებით, კომისიის წევრმა ასევე 5G-ის დასანერგად ჩატარებულ აუქციონზეც გაამახვილა ყურადღება.
„კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, „სელფი მობაილმა“ მიიღო და 2023 წლის ბოლოს 5G ინტერნეტი გუდაურსა და ბაკურიანში უკვე ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა მან.
აბაშიძემ ყურადღება საქართველოში Starlink-ის შემოსვლაზეც გაამახვილა.
„კომუნიკაციების კომისიამ Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წელს მიანიჭა, რის შემდეგაც, გასულ წელს საქართველოში Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა და მას უკვე 200-ზე მეტი აბონენტი მოიხმარს“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი გაეშვა.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა თავის სიტყვაში კომისიის კიდევ ერთ პროექტზე – Sheamotsme.ge-ზე ისაუბრა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლის ინტერესების დასაცავად და მათთვის ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად შექმნა.
„პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება არ მიეწოდება, მას შეუძლია, პრობლემის მოსაგვარებლად კომუნიკაციების კომისიას მიმართოს. პროექტის ფარგლებში სულ 50 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და 1000-მდე საჩივარი დაფიქსირდა, კომისიის ჩართულობით კი უკლებლივ ყველა მათგანი მოგვარდა“, – აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა საქართველოში მობილური მომსახურებების ტენდენციებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მობილურ მომსახურებებს, დღეის მონაცემებით, 6 მილიონამდე აბონენტი ჰყავს, საიდანაც მობილურ ინტერნეტს ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს, ხოლო ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობის 93%-ს აქვს. „დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ ექნება, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს“, – აღნიშნა მან.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა ვახტანგ აბაშიძემ მედიაწიგნიერების მიმართულებით მიღწეული შედეგების მიმოხილვით დაასრულა.
„2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, 15,000 მოსწავლე, 3,000 მასწავლებელი და 1,600 სტუდენტი გადაამზადა. საერთო ჯამში, ჩატარდა 600-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი და შეხვედრა, ხოლო ციფრული მხარდაჭერის პროგრამას 3 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელიც მიზნად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ღონისძიებაში მონაწილეობას, მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.