კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ ევროპის საბჭოს რეგიონული მედიაფორუმის – „ნარატივის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება ომის დროს“ ფარგლებში, მედიის რეგულირების შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ივანე მახარაძემ საქართველოს მედიაგარემოზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე, ძირითად ტენდენციებსა და ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარლგებში ივანე მახარაძემ და კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის აუდიო-ვიზუალური საბჭოს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ფორუმი უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონში გამოხატვის თავისუფლების სფეროში დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ღონისძიებას აღნიშნული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედიააქტორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიაექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედიააქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედიაინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა.