კომუნიკაციების კომისიის წევრმა EU-ს საბჭოს საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციისთვის განხორციელებული პროექტები გააცნო
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინი გრძელიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
კომისიის ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივითა და სპეციალური მოწვევით, ღონისძიებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
„ღონისძიება ევროკომისიასა და მონაწილე ქვეყნებს შორის როუმინგის შეთანხმების სტატუსის განხილვას, ამ საკითხის გარშემო არსებული პოტენციური სამართლებრივი გადაწყვეტების შეფასებას და ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციის უპირატესობებსა თუ გამოწვევებზე დისკუსიის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, ერთიან სივრცესთან მიერთებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებისა და სარეგულაციო ნორმების, ასევე ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია შემოთავაზებული სამართლებრივი გადაწყვეტის ეფექტიანობის შესახებ, რომელიც გულისხმობს კანდიდატი ქვეყნების სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციას და რომელიც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ქვეყნის სრულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა ეტაპობრივად გახდეს ევროკავშირის როუმინგული სივრცის ნაწილი, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეების მსგავსი ტარიფებით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნული კი, ერთი მხრივ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი გახდება როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის.
შეგახსენებთ, როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება Roam Like at Home (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით.
კომუნიკაციების კომისიისთვის ქართველი მომხმარებლებისთვის, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელსაყრელ სატელეკომუნიკაციო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია კომუნიკაციის კომისიის ინფორმაციაში.