კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით (KIU) გამართულ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ComCom-ის როლზე ისაუბრა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმის მთავარ თემას „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ წარმოადგენდა და მიზნად საგანმანათლებლო სექტორში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას ისახავდა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია ციფრული ტექნოლოგიების როლის შესახებ, სადაც ეკატერინე იმედაძემ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ახალი ციფრული რეალობა ქმნის.
„კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ექსპერტი, მუშაობს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური საკომუნიკაციო სერვისების დანერგვას და, ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. ამასთანავე, იმისთვის, რომ ქვეყანამ ციფრული ეკონომიკის პოტენციალის ათვისება შეძლოს და საერთაშორისო მასშტაბით მდგრადი პოზიცია დაიკავოს, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ინსტიტუტების როლიც. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში გვჭირდება ახალი თაობის პროფესიონალები, რომლებიც შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მოდელებს, შექმნიან ინოვაციურ საკომუნიკაციო პროდუქტებს და ახალი ბიზნესმოდელებით შემოვლენ საკომუნიკაციო ბაზარზე, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო ბიზნესი ღია ბაზრის პრინციპებზეა დაფუძნებული” – განაცხადა ComCom-ის წევრმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს. ასევე, იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ციფრული ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
ფორუმი, რომელიც სახელმწიფოს, ბიზნესის, უნივერსიტეტების, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს აერთიანებს, KIU-ს ორგანიზებითა და TUM International-ის პარტნიორობით ხორციელდება.