კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში ხუთი პირი მონაწილეობს, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილი
კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში ხუთი პირი მონაწილეობს, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის პარლამენტის N5205-Iს დადგენილების საფუძველზე  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

მთავრობის 2019 წლის 7 ნოემბრის #2312 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 7 ნოემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველ თანამდებობაზე.