კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების (GITI) რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღონისძიების გახსნით ნაწილში ეკატერინე იმედაძე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როგორც მომავლის ეკონომიკის წარმატების წინაპირობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან ComCom-ის როლიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც დარგის დამოუკიდებელი მარეგულირებლისთვის, ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ეკატერინემ ყურადღება გაამახვილა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვაზე, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
გახსნითი ნაწილის შემდგომ გაიმართა პანელური სესია ქვეყნის ეროვნული ციფრული ეკოსისტემის განვითარების შესახებ, სადაც მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო. სესიის ფარგლებში მან საქართველოსთვის ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა: „ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის გახსნის და ამ თვალსაზრისით, მოწინავე გლობალური პოზიციის დამკვიდრებისთვის, ვფიქრობ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი, რადგან სწორედ ტელეკომის ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა მომსახურებებმა. კომუნიკაციების კომისია თავის პრიორიტეტებში სწორედ ამ ამოცანას ისახავს. ჰარმონიზებული და გახსნილი სარეგულაციო გარემო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ასევე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი პირობები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ჰაბად ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა ComCom-ის წევრმა.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპროცესის პროცედურული გამარტივების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, ჩატარდა მეორე პანელური სესიაც, სადაც ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი სანდრო ქარუმიძე მონაწილეობდა. თავის სიტყვაში სანდრო ქარუმიძემ საქართველოში 5G ინტერნეტის განვითარების პერსპექტივები და ასევე ის სამუშაოები მიმოიხილა, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.
შეხვედრა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეების დაკავშირებას, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიება საქართველოს ICT ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.