კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი - რომან გოცირიძის კანონპროექტი ეჭვქვეშ აყენებს კომისიის დამოუკიდებლობას, რაც არაერთი საერთაშორისო აქტითაა აღიარებული
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი თამარ ხუხუნაიშვილი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ კვალიფიციური კადრი უნდა შეინარჩუნოს, რადგან მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიებს არეგულირებს.
როგორც ხუხუნაიშვილმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასების პრეზიდენტის ხელფასთან შედარება გაუმართლებელია.
„კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ამ კანონპროექტის ძირითადი ამოსავალი არის ის, რომ მაღალი ხელფასებია. მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასები შედარებულია პრეზიდენტის ხელფასთან. მიგვაჩნია, რომ ეს შედარება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და აქ პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება შრომით ბაზარს და იმ ბაზარს, რომელსაც არეგულირებენ კომისიები. ბატონმა რომან გოცირიძემ აღნიშნა კვალიფიციური კადრების გადინების საკითხი და ეს არის ძალიან საყურადღებო ფაქტი. იმ შემთხვევაში, როდესაც წევრების ხელფასი იქნება ჩარჩოში მოქცეული და შემცირებული ამ კანონპროექტის მერე ცალსახად, რა თქმა უნდა ეს აისახება აპარატის ხელფასებზე და გამოიწვევს კლებას. ეს სფერო არის ძალიან მაღალშემოსავლიანი, მილიარდიანი ბრუნვები აქვთ. მართალია, მუდმივად ქვეყნდება მათი შემოსავლები. მარეგულირებელმა ორგანომ კვალიფიციური კადრი უნდა შეინარჩუნოს იმ პირობებში, როდესაც არეგულირებს ასეთ მაღალანაზღაურებად კომპანიებს. მაღალანაზღაურებად კომპანიებში შრომითი ბაზარი შესწავლილია“, – აღნიშნა თამარ ხუხუნაიშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ტოპმენეჯმენტისა და რიგითი თანამშრომლების ხელფასები ორ-სამჯერ აღემატება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში არსებულ ხელფასებს.
„კომისიაში დასაქმებულმა სტაფმა უნდა შეძლოს მათთან კონკურენცია. კვალიფიციური კადრების გადინება არ უნდა მოხდეს კომისიიდან. ერთ-ერთმა მსხვილმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გადაიბირა სამი წამყვანი თანამშრომელი და მათ მისცა კომისიის წევრების ოდენობის ხელფასი. კადრები დათანხმდნენ ასეთ შემოთავაზებას ბუნებრივია. შრომითი ანაზღაურება არის კვალიფიციური კადრის პირდაპირპროპორციული და კვალიფიციური კადრების დიდი საჭიროებაა ამ სფეროში“, – აღნიშნა თამარ ხუხუნაიშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახად ეჭვქვეშ აყენებს კომისიის დამოუკიდებლობას, რაც არაერთი საერთაშორისო აქტითაა აღიარებული.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა მარეგულურებელ კომისიასთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართვლოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
რომან გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.
კანონპროექტი მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, მხარი არ დაუჭირა და თავისი შენიშვნებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაუგზავნა.