კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ლევან მაისურაძე ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან – ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი კომიტეტში მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლის არჩევა ხდება. ექსპერტული კომიტეტები მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე არიან პასუხისმგებლები.
ორი ახალი ექსპერტული კომიტეტის, კერძოდ: ონლაინუსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების (MSI-eSEC) და გამოხატვის თავისუფლებაზე გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გავლენის (MSI-AI) არჩევნები CDMSI-მა კომიტეტის რიგით 24-ე სხდომაზე ჩაატარა. მმართველი კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეც მონაწილეობდა, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით დანერგვა, მედიის მდგრადი დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკა, მეტავერსი და მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.
სხდომა მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და CDMSI-ის ექსპერტული კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას ემსახურებოდა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.