კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს პირველ სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის, რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორები, ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა.
„ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებმა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გაიღრმავეს ცოდნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ჩატარებაში.
ტრენინგების მიზანია, კომუნიკაციების კომისიამ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, საზოგადებას, რაოდენობრივთან ერთად, კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებით ხარისხობრივი და თვისებრივი კვლევის კვალიფიციური მედიამონიტორინგის შედეგები მიაწოდოს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24-საათიან რეჟიმში 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.