კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, დარგის წამყვან მეცნიერებს, პროფესორებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს შორის ახალ იდეებსა თუ ინიციატივებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ემსახურება.
ღონისძიება „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ და „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ მიერ იმართება და კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, მხარდამჭერებს კავკასიის უნივერსიტეტი, „კავკასუს ონლაინი“ და RIPE NCC-ი წარმოადგენენ. კონფერენციაში ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების დარგის ექსპერტებსა და მკვლევრებთან ერთად, მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო.
კონფერენციის გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძე, ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და დარგის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, ეკატერინე იმედაძე პრეზენტაციით წარდგა და ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე რეგიონში ციფრული დერეფნების და ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების კონტექსტში. ComCom-ის წევრმა ასევე განიხილა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა საერთაშორისო ინტერნეტ დაკავშირების სხვადასხვა მარშრუტი, უსაფრთხო და დაცული ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში ჰარმონიზებული სატელეკომუნიკაციო და ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ასევე, ციფრული ჰაბის შექმნის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, ეროვნული და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. თავის გამოსვლაში ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის, როგორც დარგის ზედამხედველისა და დარგის განვითარების ხელშემწყობის როლზე ამ მიმართულებებით. მან ასევე ისაუბრა ტელეკომ ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმოფხვრის მნიშვნელობაზე, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G-ის მნიშვნელოვან როლზე, როგორც ციფრული ეკონომიკის ხელშემწყობ ფაქტორზე და ინფრასტრუქტურის გაზიარების აუცილებლობაზე.
პრეზენტაციის დასასრულს, ComCom-ის წევრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისების მიწოდებით, რაც რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების წინაპირობაა და უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიის, ნორვეგიის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მარეგულირებლების, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ცენტრებისა თუ ლაბორატორიების წარმომადგენლები.
ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.