კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების აქტივობები მარეგულირებელი ორგანოების ეროვნულმა პლატფორმამ ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ და აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ქორიძემ მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მედიაწიგნიერების განვითარებას, მარეგულირებლების როლსა და ამ მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მექანიზმებს ეხებოდა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ, 47 ქვეყნის 150 წარმომადგენელს, გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები წარუდგინა, რომელიც EPRA-ს საბჭოს წევრებმა მედიაწიგნიების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითად შეაფასეს. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია EPRA-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე დელეგატებმა ტრადიციული და ციფრული მედიის რეგულირებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ახალი აუდიოვიზუალური დირექტივის (AVSMD) განხორციელების კონტექსტში ვიდეო-გაზიარების პლატფორმების (VSPs) რეგულირების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებისა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. სესიების ფარგლებში განიხილეს ციფრული გარემოს განვითარებაში მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლი, შეაფასეს თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მომხმარებლის ქცევას პოლიტიკურ პოლარიზებაზე და ასევე წარმოადგინეს მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითები.
შეხვედრაში მარეგულირებელ კომისიებთან ერთად მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, აუდიოვიზუალური მედიის ევროპული მარეგულირებლების ჯგუფის (ERGA), ევროსაბჭოსა და ევროკომისიის, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო 2013 წლიდან EPRA-ს წევრია.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.