კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „მაგთი ფიქსის“ 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.
„მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, კომისიამ „მაგთიკომს“ ორწლიანი ვადა მისცა, რომ ამ პერიოდში, „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს.
შპს „მაგთიკომს“ CDMA (მაგთი ფიქსის) ლიცენზიის ვადა 17 ივნისიდან ეწურებოდა.