კომუნიკაციების კომისიასა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
კომუნიკაციების კომისიასა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანა ჩერნიშოვამ მოაწერეს.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, თანამშრომლობის მიზანს საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების, ციფრული ეკონომიკის პოტენციალის ათვისების, ასევე, ელექტრონული სერვისების გამოყენების გავრცელებისა და საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.
კომუნიკაციების კომისიისთვის საზოგადოებაში ინტერნეტის გამოყენების ხელშეწყობა და ციფრული უთანასწორობის შემცირება უმნიშვნელოვანესია.