კომუნიკაციების კომისიამ თსუ-ში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის შესახებ საჯარო ლექცია გამართა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა (MVNO) და ტელეკომბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო მობილური მომსახურების როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირება, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორის არსებული განსხვავებები, ასევე, მსოფლიო მაგალითები და, ტენდენციებზე დაყრდნობით, MVNO-ს შესაძლებლობები თუ დადებითი მხარეები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ქართულ ტელეკომბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ქვეყანაში, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების თვალსაზრისით, კომუნიკაციების კომისიის როლს.
შეგახსენებთ, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არის ისეთი ტიპის ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა და სხვა ქსელის გამოყენებით მომხმარებელს მათზე მორგებულ, ნიშურ მომსახურებას სთავაზობს. MVNO-ს ქართულ ბაზარზე დაშვება ტელეკომბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაუმჯობესების წინაპირობაა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.
MVNO-სა და ტელეკომბაზრის გახსნის შესახებ კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო შეხვედრა უკვე ორ უნივერსიტეტში ჩატარდა და მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.