კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.

კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია სწორედ დამოუკიდებელ ბრიტანელ ექსპერტთან ერთად შეიმუშავა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე მარტინა ჩეპმენმა და კომისიის წარმომადგენლებმა ორივე დოკუმენტი დეტალურად გააცნეს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაინტერესებულ მხარეებს ევროპული გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა.  მარტინა ჩეპმენის მიერაა მედიაწიგნიერების პროექტები განხორციელებული ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. გარდა ამისა, ბრიტანელი ექსპერტის მიერ არის შემუშავებული ევროპის მარეგულირებელთა გაერთიანებისთვის და რეგულატორების ევროპული პლატფორმისთვის სახელმძღვანელო, იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მედიაწიგნიერება და როგორ უნდა მოხდეს მისი ხელშეწყობა და განვითარება. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა დეტალურად მარტინა ჩეპმენმა დღევანდელ შეხვედრაზე და მის მიერ წარდგენილ ხედვაზე განათლების სფეროს, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მარტინა ჩეპმენი დამოუკიდებელი ექსპერტი და გამოცდილი კონსულტანტია მედია წიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. მრავალი წლის განმავლობაში ის მაუწყებლობის სფეროში საქმიანობდა, 2013 წლიდან კი ჩეპლემნი Mercury Insights-ის დირექტორი, კონსულტანტი და დამფუძნებელია. მარტინა ჩეპმენი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კონსულტანტია, როგორიცაა: ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია, ირლანდიის მედიის მარეგულირებელი, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი და BBC; ის ასევე არის ევროვიზიის აკადემიის წევრი და მედია წიგნიერების აღმასრულებელი დირექტორი BBC-ში.

კომუნიკაციების კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს: პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება მედიის წარმომადგენლებისთვის;  მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც კომისიის განმარტებით, ერთის მხრივ, თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი, მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი;  მესამე  კომპონენტი –  მომხმარებლების ცოდნის ამაღლება, რათა მარტივად გაარჩიო ნამდვილი და ცრუ ამბები, ასევე  ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტი;  მეოთხე კომპონენტი – მედია ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბორატორიაში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაევალა.