კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომბაზრის განვითარებასა და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას, ეს კი, თავის მხრივ, ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს.
„კერძოდ, დოკუმენტი, სატელეკომუნიკაციო ბაზრის წინასწარი რეგულირების მიზნით, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის, აღნიშნულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის, ასევე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების გამჭვირვალე პროცედურებსა და სტანდარტებს ადგენს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების მთავარი საფუძველია და ბაზრის ანალიზს ყველა არსებითი გარემოებისა თუ სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს, ევროკავშირის საჯარო სამსახურების „დაძმობილების პროგრამის“ (Twinning) ფარგლებში დაიწყო, სადაც შეიქმნა ცვლილებების პირველადი პროექტი, ხოლო 2019 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პროექტის განახლებული ვერსია. აღნიშნული დოკუმენტი Twinning Review Mission-ის ფარგლებში კიდევ ერთხელ გადაიხედა, რის შემდეგაც, 2022 წელს ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში ევროპელმა ექსპერტებმა პროექტთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები წარმოადგინეს.
საბოლოოდ, დოკუმენტის რევიზია 2023 წელს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარება II“-ის (AA Facility II) ექსპერტების მიერ განხორციელდა, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის გაცნობის, მოსაზრებების წარმოდგენისა და მათი განხილვის შესაძლებლობა როგორც არაოფიციალური კონსულტაციების, ასევე საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობისას მისცა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია, ჩატარდეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და, რეგულირების მიზნით, სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები ევროპული რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიით შეფასდეს, რაც საცალო ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის გაზრდასა და საბითუმო სეგმენტზე დაშვების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.