კომუნიკაციების კომისიამ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის, „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები კრიტიკულ აზროვნებაში გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ კარბაია გაუძღვა, რომელმაც სემინარის მონაწილეები, BBCAcademy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა.
„შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წინა კონკურსების გამარჯვებულ ნამუშევრებსაც გაეცნენ.
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი მათთვის სასურველი ფორმატით წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBookAir 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.