კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი, ჯარიმა დააკისრა 
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი, ჯარიმა დააკისრა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

კომისიის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის დანიშვნამდე ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განათავსა, მაუწყებელს კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ცესკო-ს მიერ ჯერ არ იყო დადგენილი მეორე ტურში რომელი საარჩევნო სუბიექტები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნები.

რაც შეეხება „მედია -კავშირ ობიექტივს“ კომისიის ცნობით, მაუწყებელმა ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განათავსა, რითაც მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია.

კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს ცესკო.

„მაუწყებლებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მეორე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ, 2018 წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ. იმ შემთხვევაში, როდესაც  პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას, კომისია მაუწყებლებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ახსენებს და წერილს უგზავნის. მიუხედავად აღნიშნული წერილის გაგზავნისა, ,,რუსთავი 2“-მა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაინც განათავსა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ 2018 წლის 10 და 11 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევნებისთვის მხარდაჭერასა და პრეზიდენტობის ერთ -ერთი კანდიდატის არჩევისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებელს 14 ნოემბერს ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოეშვა.

„შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 661 მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა“, – აღნიშნავს კომუნიკაციების კომისია.

ამასთან, კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერსა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც მან დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კომისიის ცნობით, გამომდინარე იქედან, რომ „მედია -კავშირ ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული, მას ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.