კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით, 14 სამაუწყებლო ზონაში, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდასა და გუდაურში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში განისაზღვრა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს დამტკიცებული პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს.

„პრიორიტეტების მიხედვით, კერძო, საერთო ან სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ რადიოპრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ რადიომსმენელების უმრავლესობას – 55% ძირითადად მოთხოვნა სპეციალიზებული რადიოს, 25%-ს კი საერთო რადიომაუწყებლობის მიმართ აქვთ, ხოლო საერთო რადიოების ფუნქციონირებას მსმენელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვენ.

კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მოთხოვნაზე როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი. გამოკითხვა ასევე ჩატარდა იმის შესახებ, თუ რამდენად მოთხოვნადია ადგილობრივი რადიომაუწყებლობა, რომელიც კონკრეტული რეგიონის ამბებს გააშუქებს.

გამოკითხული რესპონდენტების შეფასებით, ქართული რადიოსივრცე ძირითადად გასართობი (მუსიკალური) და პოლიტიკური ხასიათისაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ რადიო მაინც მრავალფეროვანია. კვლევის შედეგად, ეროვნული რადიოს დაჭერის ხარისხი დადებითად ფასდება, ხარვეზები ძირითადად შორ დისტანციაზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ფიქსირდება, თუმცა ადგილობრივი რადიოების დაჭერის ხარისხი საკმაოდ დაბალია. კვლევის შედეგად ძირითადი საჭიროებები რადიო გადაცემების შინაარსსა და ფორმატს, ასევე რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს და რადიომაუწყებლობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას ეხება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა იდეალური რადიოა. რესპონდენტების უმრავლესობისთვის იდეალური რადიო არის მრავალფეროვანი თემატიკის და სხვადასხვა ტიპის მუსიკალური ჟანრის, აქვს ანალიტიკური გადაცემები და ნაკლებად პოლიტიკურია. იდეალური რადიოს შემთხვევაში, მსმენელები ინტერაქციულ გადაცემებს ითხოვენ, რომელიც დაკომპლექტებულია ენერგიული წამყვანებით და საეთერო ბადე აწყობილია ადამიანების სამუშაო განრიგის მიხედვით. ამასთან მსმენელებს სურთ რადიო, რომელიც არის მარტივად მოსახმარი, განსაკუთრებით კი მობილურით და ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმღებით, აქვს საკუთარი აპლიკაცია და ვებგვერდი, რომლიც მათ მისცემს საშუალებას მოძებნონ გადაცემები და გადახვევის რეჟიმშიც შეძლონ მოსმენა“,- აღნიშნულია კომინიკაციების კომისიის ინფორმაციაში.