კომუნიკაციების კომისიამ პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა, რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი – „გამარჯობა, რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „გამარჯობა, რუბის“ ავტორმა, ლინდა ლიუკასმა 20 პედაგოგი „გამარჯობა, რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდებისა და მიდგომების კუთხით გადაამზადა.
მათივე ცნობით, გადამზადებულმა ტრენერებმა კი მთელი საქართველოს მასშტაბით კომპიუტერული ტექნოლოგიების 800-ზე მეტი მასწავლებლისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, 50-მდე ვებინარი ჩაატარეს. პედაგოგებს ვებინარის შემდგომ „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადაეცემათ, რომელთა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას 2024 წლის სასწავლო წლიდან შეძლებენ.
„კომუნიკაციების კომისიამ ინიციატივის ფარგლებში ასევე შეიმუშავა „გამარჯობა, რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა, რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია, წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის მიზნით, მასწავლებლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა, რუბის“ ავტორი ლინდა ლიუკასი 2019 და 2023 წლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტების ფარგლებში კი კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები და ტრენერები, „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელოს გამოყენებით, პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადაამზადა.
„გამარჯობა, რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნები ნიუ იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა, რის შემდეგაც 17 500 სახელმძღვანელო გამოიცა. დღეის მონაცემებით კი, აღნიშნული რესურსით საქართველოს 100-მდე სკოლის 10 000-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.