კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ვალდებულნი არიან, ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება გამოაქვეყნონ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, MVNO-ს ქსელთან დაშვების შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლიდან მიიღო, თუმცა კომპანიებისთვის ვალდებულების ამოქმედების ვადის გადაწევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა გარემოებამ განაპირობა.
„კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის ფუნქციები კანონის აღსრულების მიმართულებით უფრო ეფექტიანი გახდა. ამასთან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების მზაობა დააფიქსირეს, მეორე მხრივ კი, დაშვების მსურველი ოპერატორების მხრიდან დაკონკრეტდა ინტერესი და გადაიდგა ნაბიჯები მობილურ ქსელზე დაშვების უზრუნველსაყოფად.
კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკვირვებოდა პროცესებს, მხარეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, ორმხრივად საინტერესო, კომერციულ საწყისებზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები, მისცემოდათ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და, შესაბამისად, კომპანიებს ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე მისცა“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „სილქნეტსა“ და „ეკლექტიკს“ შორის გაფორმდა მობილურ ქსელთან დაშვების ხელშეკრულება და „ეკლექტიკმა“ ბრენდული სახელწოდებით Hallo პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო.
„რაც შეეხება დაშვების მსურველი კომპანიების მიერ ქსელის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთხელსაყრელი პირობით მოლაპარაკებების წარმართვას, კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილია, რომ კომპანიების მიერ, რომლებიც 2020 წლიდან ღიად გამოხატავენ ქსელური ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვების ინტერესს, ამ დრომდე დაშვების მოპოვება ვერ მოხდა. მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას როგორც საჯარო, ისე ოფიციალური წერილითაც მიმართა. MVNO ასოციაცია წერილში აღნიშნავს, რომ, მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქსელის ოპერატორებთან მოლაპარაკებები პასიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მათ თხოვნით მომართეს კომისიას, არ გაეუქმებინა სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება. კომუნიკაციების კომისია კვლავ დააკვირდება MVNO მსურველ კომპანიებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მოლაპარაკების პროცესს.
ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო. კვლევის ფარგლებში, ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და, საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განისაზღვრება სპეციფიკური ვალდებულებები. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ მომსახურებები და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითიც დამატებით შემოსავალს მიიღებენ“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული კვლევა, მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„პირველ ეტაპზე მოხდება ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი. მეორე ეტაპზე კი დადგინდება ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესაბამის ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.
კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა როგორც მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორების, ასევე ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე, ე.წ. ბითსტრიმ სეგმენტზე დაშვების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია როგორც საცალო მომსახურებების ბაზარზე კონკურენტული გარემოსა და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნისთვის, ასევე ინოვაციური სერვისებისა და ნიშური სეგმენტების ათვისებისთვის. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ტელეკომ სფეროში მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს, განვითარდნენ ალტერნატიული მომსახურების ოპერატორებად და გაზარდონ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პოტენციალი, ხოლო ქვეყანაში მომხმარებლისთვის შეიქმნას მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი შეთავაზებები სატელეკომუნიკაციო სერვისებზე“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.