კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა, – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე – მომხმარებლების ინტერესებზე.
„დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს გამართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების მიღება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონით გაცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე მომზადებული აქტის პროექტი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი წერილობითი მოსაზრებები. გარდა ამისა, კომისიის ვებგვერდზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც სისტემატიზებულად განთავსდება საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტები, დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები.
საჯარო კონსულტაციების ახალი წესები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე ეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ მიღებულ რეკომენდაციებს, რომელთა ძირითადი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება იყო. საჯარო კონსულტაციების პროცედურის მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ტელეკომ ოპერატორები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მიერ წარდგენილი არაერთი შენიშვნა და წინადადება კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.