კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან IX, X და XI კლასის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც ComCom-ისგან მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ.
კონკურსში პირველი ადგილი ოზურგეთის რაიონის ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ აკობიძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნამუშევარი „მედიასპუტნიკის“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. სტატიაში საუბარი იყო რუსეთსა და ამერიკას შორის ვაჭრობის 20%-იან ზრდაზე, ხოლო წყაროდ ამერიკის საბაჟოს ვებგვერდი იყო მითითებული. მარიამმა სტატიის სანდოობაში დასარწმუნებლად გადაამოწმა პირველწყარო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი მონაცემები არათუ ამერიკის საბაჟოს ვებგვერდზე, არამედ აშშ-ის არცერთი ოფიციალური სტრუქტურის ვებგვერდზე არ ფიქსირდებოდა. ამის შემდეგ მარიამმა რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკა ამერიკის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმა და დაადგინა, რომ რუსეთ-ამერიკას შორის იმპორტი და ექსპორტი არათუ გაზრდილი, არამედ პირიქით – შემცირებულიც კი იყო. მარიამმა მითითებული ინფორმაცია სხვა სანდო წყაროებთანაც გადაამოწმა, რის შემდეგაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ვაჭრობის 20%-იანი ზრდის შესახებ ინფორმაცია ყალბი იყო. მარიამმა ComCom-ისგან MacBook Air 15.3“ მიიღო.
მეორე ადგილზე თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დავით ქენქაძე გავიდა, რომელმაც მედიასაშუალება „საქართველოსა და მსოფლიოს“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე დაამტკიცა. კერძოდ, სტატია ეხებოდა უკრაინელი ტანკისტების მიერ ტანკის დაზიანების სიმულირებას, რათა არ ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში. წყაროდ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იყო მოყვანილი. ინფორმაციის ვალიდურობაში დასარწმუნებლად, დავითმა გადაწყვიტა ინტერნეტსივრცეში მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მოძიება, შედეგად კი მხოლოდ რუსული მედიების სტატიებს შეხვდა. ეჭვის გასამყარებლად, დავითმა პირველწყაროც გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ „საქართველოსა და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პირველწყაროსგან, სადაც უკრაინელი ტანკისტების ქმედებები არც ყოფილა ნახსენები. მეტი სიზუსტისთვის, დავითმა სტატიის ავტორზე მოიძია ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ ავტორზე ინტერნეტსივრცეში არაფერი იძებნებოდა. ბოლოს, გუგლის გამოყენებით, დავითმა სტატიაში მოყვანილი ფოტოც გადაამოწმა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო. დავითს ComCom-მა iPhone 15 Pro გადასცა.
მესამე ადგილი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, მარიამ ქაცარავამ მოიპოვა. მარიამმა ნაშრომი ვიდეოს სახით წარმოადგინა და „Sputnik საქართველოს“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე იმსჯელა, სადაც ქალაქი ვოლჩანსკი უკრაინული არმიის განადგურების კონვეიერად იყო შეფასებული. მარიამი როგორც სტატიის სათაურმა, ასევე ავტორის ვინაობამ დააეჭვა, რომელიც, მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა შემჩნეული დეზინფორმაციის გავრცელებაში. აქედან გამომდინარე, მარიამმა ინფორმაცია BBC-ის ოფიციალურ გვერდზე და სხვა რამდენიმე სანდო წყაროზე გადაამოწმა, სადაც დაადგინა, რომ რეალური ვითარება სრულიად საპირისპირო იყო. დამატებით, იმავე სტატიაში მარიამი კიდევ რამდენიმე ყალბ ინფორმაციას გადააწყდა, რომელთა სიყალბეშიც როგორც სანდო წყაროებით, ასევე, სამხედრო ექსპერტთან გასაუბრების შედეგად დარწმუნდა. მარიამს კომუნიკაციების კომისიისგან iPad 10.9 გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი შვიდჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 4400 მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა საქართველოს მასშტაბით მედიაწიგნიერების შესახებ 800-მდე სკოლის მოსწავლე და 40-მდე პედაგოგი გადაამზადა. ამასთან ერთად კი, წინა კონკურსების საუკეთესო ნაშრომის ავტორმა სტუდენტებმა, რომელთაც კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერთა გადამზადება ToT-ი გაიარეს, სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებით ოთხი სემინარი ჩაატარეს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.