კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით „მაგთიფიქსს“ არც ერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს.
„მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8 969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 8 534 აბონენტს კვლავ ჰქონდა „მაგთიკომთან“ ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის“ მომსახურეობას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა „მაგთიფიქსით“, ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე გადაიყვანეს.
ანალოგიური მოთხოვნით კომპანია „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა. კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე აბონენტი კვლავ იყო, რომელიც აღნიშნულ სერვისს იყენებდა. კომისიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ აღნიშნული მომსახურეობის შეწყვეტას ორ შემთხვევაში შეძლებდა: პირველი, თუ „მაგთიფიქსის“ ყველა აბონენტი ალტერნატიული მობილური საშუალებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ან მეორე, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით. აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 მარტს, კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და „მაგთიფიქსის“ აქტიურ აბონენტებს ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, კომისიამ „მაგთიკომის“ მოთხოვა დააკმაყოფილა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.